თუ თქვენ პატარას მშობელი ხართ, დიდი ალბათობით, კვებისას სირთულეები გქონიათ.
ბავშვის ჭირვეული კვება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მთელ მსოფლიოში. მშობლებს ხშირად აწუხებთ, რომ კვების პროცესში ბავშვის უარყოფითმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აუცილებელი და მრავალფეროვანი საკვები ნივთიერებების ნაკლებობა.
პატარების გემოვნური პრეფერენციები ხშირად იცვლება – დღიდან დღემდე. ასეთ ცვლილებებზე ფეხის აყოლა არცთუ ისე მარტივია. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ გაუმკლავდეთ ჭირვეულ ჭამას სახლში.
თუ თავიდან არ გამოგივათ – კიდევ სცადეთ
იცით თუ არა, რომ ბავშვს შეიძლება 10-ზე მეტი მცდელობა დასჭირდეს, სანამ ახალ საკვებს შეიყვარებს? თუ თქვენი შვილი გარკვეულ საკვებს თავიდან უარყოფს, ეს საყურადღებო არ არის – ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ახალი პროდუქტების ნელ-ნელა შეთავაზება და ძველ საკვებზე დროდადრო დაბრუნება ეფექტიანი სტრატეგიაა. ასევე შეგიძლიათ პატარა რაოდენობით შეურიოთ ის საკვები, რომელიც ბავშვს არ უყვარს, მისთვის სასიამოვნო გემოს პროდუქტში. გემოვნების ცვლილება ბავშვებში სწრაფად ხდება: რაც დღეს არ მოსწონს, შეიძლება ერთ თვეში საყვარელ საჭმელად იქცეს.
შესთავაზეთ მრავალფეროვანი, ჯანსაღი საკვები
მთავარია, ბავშვს ჰქონდეს არჩევანი სხვადასხვა ჯანსაღ პროდუქტში, თუნდაც ყველაფერს არ მიირთმევდეს. მიეცით შესაძლებლობა გაიცნოს სხვადასხვა ფერი, ტექსტურა და გემო:
- მარცვლეული, ფესვოვანები და ბანანისებრთა ოჯახის პროდუქტები
- პარკოსნები (ლობიო, ბარდის სახეობები, ოსპი), თხილეული და თესლეული
- რძის პროდუქტები (რძე, მაწონი, იოგურტი, ყველი)
- ხორცი, თევზი, ფრინველი
- კვერცხი
- ვიტამინ A-ით მდიდარი ხილი და ბოსტნეული
სხვა ხილი და ბოსტნეული
თუ ბავშვი კონკრეტულ ბოსტნეულს არ იღებს, სცადეთ მიაწოდოთ როგორც უმი, ისე მოხარშული – ერთი შეიძლება დაიწუნოს, მაგრამ მეორე მოეწონოს.
ჩართეთ ბავშვი პროცესში
ბავშვები უფრო ადვილად ჭამენ იმას, რის მომზადებაშიც თავად მონაწილეობენ. წაიყვანეთ ბაზარში, მიეცით საშუალება თავად შეარჩიოს ხილი და ბოსტნეული. სახლის პირობებში კი შესთავაზეთ ასაკისთვის შესაბამისი მარტივი დავალებები: ინგრედიენტების მოზელა, ბოსტნეულის დალაგება. ისინი სიამაყით დააგემოვნებენ იმას, რასაც თავად მოამზადებენ.
ენდეთ ბავშვის გრძნობას
თუ ბავშვი კერძზე უარს ამბობს ან ცოტას ჭამს – ეს ნორმალურია. არ არის საჭირო იძულება ან წნეხი, და მით უმეტეს – არასასურველია ტკბილეულითა და არაჯანსაღი საკვებით ჩანაცვლება. მნიშვნელოვანია ბავშვმა ისწავლოს საკუთარი სხეულის სიგნალების აღქმა და შიმშილის გრძნობაზე დაფუძნებული ჭამა. თუ იგი კარგად იმატებს წონაში, აქტიურია და ჯანმრთელია – ესე იგი საკმარის საკვებს იღებს.
მცირე ულუფები
პატარების კუჭი გაცილებით მცირე ზომისაა, ვიდრე მოზრდილების – დაახლოებით მუშტის ზომის. ამიტომაც მათი ულუფა არ შეიძლება მშობლებისას უდრიდეს. შესთავაზეთ ასაკის შესაბამისი რაოდენობა და შეაქეთ მაშინაც კი, თუ ცოტას მიირთმევს.
ნუ გამოიყენებთ საკვებს ჯილდოდ
თუ საკვები იქცევა ქცევის წახალისების საშუალებად, ბავშვები ითვისებენ დაყოფას „კარგ“ (ტკბილეული) და „ცუდ“ (ბოსტნეული) საკვებად, რაც მომავალში არაჯანსაღ კვებით ჩვევებს აყალიბებს. ჯილდოდ უკეთესია თამაში ან გარეთ გასეირნება გამოიყენოთ.
იყავით კარგი მაგალითი
ბავშვები ხშირად იმეორებენ იმ ქცევებს, რასაც მათ გარშემო ხედავენ. თუ თქვენი შვილი დაინახავს, რომ თქვენ სიამოვნებით მიირთმევთ ჯანსაღ საკვებს ან ახალ პროდუქტს, უფრო მეტად მოუნდება მისი გასინჯვა. ერთად ჭამა და საკვების გემოზე საუბარი ბავშვს უფრო ღიას გახდის ახალ გემოებზე.



