თანამედროვე სამყაროში, სადაც ეკრანები ყველგანაა, ბავშვის ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი ხშირად რთულ ამოცანას წარმოადგენს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ გარკვეული სახის ციფრული კონტენტი, შესაძლოა, სასწავლო ხასიათის მქონე იყოს და ხელს უწყობდეს ბავშვის სოციალურ განვითარებას.
მაშ, როგორ ვმართოთ ეკრანთან ბავშვის ურთიერთობა?
ქვემოთ მოცემულია ძირითადი რეკომენდაციები.
ეკრანთან დაკავშირებული საფრთხეები
მეტისმეტად ხანგრძლივ ეკრანულ დროს და დაბალი ხარისხის კონტენტთან რეგულარულ კონტაქტს უკავშირდება:
- ჭარბწონიანობა
- ძილის დარღვევები და არასაკმარისი ძილი
- ქცევითი პრობლემები
- ენისა და სოციალური უნარების განვითარების შეფერხება
- ძალადობრივი ქცევის რისკი
- ყურადღების პრობლემები
- სასწავლო პროცესისათვის დროის ნაკლებობა
უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა ასაკის ბავშვის ტვინის განვითარებისთვის არასტრუქტურირებული თამაში ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ელექტრონულ მედიასთან ურთიერთობა. 2 წლამდე ასაკის ბავშვები გაცილებით მეტს სწავლობენ მშობლებთან, და-ძმებთან და თანატოლებთან ცოცხალი ურთიერთობებითა და თამაშით.
2 წლიდან ბავშვებისთვის სასარგებლო შეიძლება გახდეს ისეთი პროგრამები, სადაც გამოყენებულია მუსიკა, მოძრაობა და გადმოცემულია ამბები. თუმცა მშობლის ჩართულობა ამ დროსაც აუცილებელია — ერთად ყურება ბავშვს დაეხმარება, უკეთ გაიგოს ნანახი და რეალურ ცხოვრებას დაუკავშიროს. პასიური ეკრანული დრო არ უნდა ანაცვლებდეს კითხვას, თამაშსა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას.
ეკრანულ დროსთან დაკავშირებული წესების ჩამოყალიბება
ამერიკის პედიატრთა აკადემია რეკომენდაციას იძლევა, რომ 18 თვემდე ბავშვებთან არ გამოიყენონ მედია (ვიდეოზარის გარდა). 18–24 თვის ასაკში, თუ მშობელი მაინც სთავაზობს ეკრანს, კონტენტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო ეკრანთან.
2–5 წლის ასაკში რეკომენდებულია დღეში მაქსიმუმ 1 საათი მაღალი ხარისხის პროგრამების ყურება.
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო რთული ხდება უნივერსალური წესების გამოყენება. მშობელმა თავად უნდა განსაზღვროს, რამდენი დრო და რა სახის მედიაა მისაღები. აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად დროის გასაზღვრა, არამედ კონტენტის ხარისხის.
- ხარისხიანი ეკრანული დროის უზრუნველსაყოფად:
- წინასწარ გადაამოწმეთ პროგრამები, თამაშები და აპლიკაციები.
- შეარჩიეთ ინტერაქციული კონტენტი, რომელიც ბავშვს აზროვნებასა და ჩართულობას ასწავლის.
- გამოიყენეთ მშობლის კონტროლის ფუნქციები არასასურველი კონტენტის გასაფილტრად.
- ეკრანული დროისას ბავშვი თქვენს ახლოს უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობისთვის.
- რეგულარულად დაუსვით შეკითხვები, რას უყურებდა ან რით თამაშობდა.
- ერთად ყურებისას განიხილეთ ნანახი და აუხსენით რეკლამებისა და რეალური ინფორმაციის შორის განსხვავება.
შეზღუდვების დაწესება უფროსი ასაკის ბავშვებისთვის
- დააწესეთ მკაფიო წესები და ლიმიტი.
- შექმენით „ეკრანზე თავისუფალი ზონები ან დრო“ (მაგ., სადილი დრო ან კვირაში ერთი საღამო).
- აუკრძალეთ მედიის გამოყენება საშინაო დავალების შესრულებისას.
- განსაზღვრეთ ძილისწინ მინიმუმ 1 საათით ადრე ეკრანის გათიშვის წესი.
- არ დაუშვათ ეკრანების გამოყენება ბავშვის საძინებელში.
- გამორიცხეთ „ფონური ტელევიზორი“.
ციფრული წიგნიერების განვითარება
რადგან ერთ დღესაც ბავშვს მაინც ექნება წვდომა თქვენს მიერ “დაუმტკიცებელ” კონტენტზე, მნიშვნელოვანია მასთან წინასწარ საუბარი.
- ასწავლეთ კრიტიკულად შეაფასოს ნანახი.
- განიხილეთ საიტების სანდოობის შემოწმების გზები.
- აუხსენით, რომ ბევრი მედია კომერციული მიზნებისთვის იქმნება და აგროვებს მონაცემებს.
ქცევის სწორი ნორმების სწავლება
ონლაინ ურთიერთობები და სოციალური მედია მოზარდების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობლის მოვალეობაა აუხსნას, რა არის მისაღები და რა არა (მაგ., კიბერბულინგი, სექსტინგი, პირადი მონაცემების გაზიარება).
მიუხედავად იმისა, რამდენად ჭკვიანი ან მომწიფებულია ბავშვი, მისი ონლაინ აქტივობის მონიტორინგი აუცილებელია. შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ ისინი სწავლის შესაძლებლობად უნდა იქცეს.
მშობლის მაგალითის მნიშვნელობა
ბავშვები ხშირად იმეორებენ იმას, რასაც მშობლები აკეთებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია თავად აჩვენოთ ჯანსაღი მაგალითი, როდის და როგორ არის მიზანშეწონილი ეკრანების გამოყენება.
ციფრული მედიის გამოყენება ბავშვების ზრდასთან ერთად მუდმივ მართვას, მონიტორინგსა და პერიოდულ გადახედვას საჭიროებს. თუმცა მკაფიო საოჯახო წესების ჩამოყალიბება და მათი დროული განახლება დაეხმარება ბავშვებს მედიასთან უსაფრთხო და ჯანსაღ ურთიერთობაში.



