ანა ღვინიაშვილი: პედაგოგ-ქორეოგრაფი, ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი,
თეატრის რეჟისურის დოქტორანტი. ინკლუზიური ცეკვის მკვლევარი. 16 სამეცნიერო
სტატიის ავტორი. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
ლექტორი. ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრისა და ინტეგრირებული საცეკვაო
სკოლა-სტუდიის ,,ანისი“ დამფუძნებელი და დირექტორი:
ცეკვის სწავლების ასაკობრივი თავისებურებები
ცეკვის სწავლება ხშირად ორიენტირებულია დისციპლინაზე, წვრთნაზე და სხეულის
სრულყოფილებაზე. თუმცა, ფსიქოლეგები და განათლების სპეციალისტები გვირჩევენ,
რომ 7 წლამდე ბავშვებს არ ვასწავლოთ რთული ცეკვის ილეთები, რათა მომავალში არ
დაკარგონ მოტივაცია. ამ ასაკში უკეთესია მარტივი საცეკვაო თამაშების გამოყენება, რაც
ბავშვებისთვის ბუნებრივი და სასიამოვნო პროცესია.
საცეკვაო-განმავითარებელი აქტივობების უნიკალურობა
საცეკვაო თამაშები უნიკალური საშუალებაა ბავშვის საცეკვაო და ზოგადი უნარების
განსავითარებლად. ცეკვა სიამოვნებას გვანიჭებს სხეულის შეგრძნებით,
შესაძლებლობების აღმოჩენით და გაზიარებით, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას უწყობს
ხელს.
ცეკვა და ტვინის სტიმულაცია
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საცეკვაო მოძრაობები აფხიზლებს ტვინს და
ააქტიურებს ნეიროტრანსმიტერების წარმოქმნას, რაც სხეულს ენერგიით ავსებს და
ამაღლებს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მოძრაობის სასიამოვნო გამოცდილება
აძლიერებს ბავშვის თვითშეფასებასა და მოტივაციას.
ცეკვის საშუალებით კოგნიტური განვითარება
კოგნიტური განვითარება ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ცეკვის გაკვეთილზე
სრულფასოვანი ჩართვისათვის და სწავლა-სწავლების პროცესში წარმატების
მისაღწევად. ცეკვისას არავერბალური საშუალებით ხდება სამყაროში არსებული
მოვლენებისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციების მიიღება-გადამუშავება.
ცეკვის საშუალებით ფსიქომოტორული განვითარება
ფსიქომოტორული დომენი მოიცავს ცეკვის უნარების განვითარებას, მათ შორის
კუნთების სიძლიერეს, მოძრაობის დიაპაზონს, გულსისხლძარღვთა ამტანობას,
წონასწორობას, პოზის გაუმჯობესებას, კოორდინაციას და გამძლეობას.
ფსიქომოტორული განვითარება ხელს უწყობს აღქმასა და მოძრაობას შორის კავშირის
გაუმჯობესებას. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური
აპარატი განუყოფელია. იდეები, ემოციები, შეგრძნებები სხეულებრივ ფორმაში ასახვას
პოულობს. ყველა აზრი, ფიქრი, ემოცია ფიზიკურად აისახება. ეს არის კავშირი
ფსიქიკურსა და ფიზიკურ აპარატს შორის.
საცეკვაო მოძრაობის როლი ნერვულ განვითარებაში
საცეკვაო მოძრაობები ავითარებს სენსორულ და ნერვულ კავშირებს, რაც აუცილებელია
კოორდინაციის, მოქმედებების მართვის და ცხოვრებისეული უნარების
განვითარებისთვის. სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტორსის, მხრის, იდაყვის
განვითარება მნიშვნელოვანია წერისა და ინსტრუმენტების გამოყენებისათვის.
ცეკვის სწავლების მიდგომები:
- ჰოლისტური მიდგომა
განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა
შესაძლებლობებზე დაფუძნებული მიდგომა
ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული მიდგომა
მულტიმოდალური მიდგომა.