აუტიზმი წარმოადგენს განვითარებასთან დაკავშირებულ აშლილობას, რასაც ზეგავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ კომუნიცირებს ადამიანი გარე სამყაროსთან.
აუტისტური სპექტრის აშლილობა ადამინზე მრავალი ფორმით ახდენს ზემოქმედებას. როგორც ყველას, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებსაც გააჩნიათ ძლიერი და სუსტი მხარეები. ქვემოთ ჩამოთვლილია ის სირთულეები, რასაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები ამჟღავნებენ, აქედან ორი აუცილებელია დიაგნოზირებისთვის.
სოციალური კომუნიკაციის და სოციალური ინტერაქციის სირთულე
სოციალური კომუნიკაცია
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს გააჩნიათ ვერბალური და არა-ვერბალური (როგორიცაა ჟესტიკულაცია, ხმა, ტონი) კომუნიკაციის ინტერპრეტაციის სირთულე. ზოგი ვერ მეტყველებს, ან შეზღუდულად მეტყველობს, ზოგს კი სრულფასოვანი მეტყველების უნარები აქვს, თუმცა უჭირს სარკაზმის ან ხმის ტონის გაგება. ასევე გვხვდება სხვა სირთულეებიც:
· აბსტრაქტული ცნებების სიტყვა-სიტყვით გაგება;
· ესაჭიროებათ დამატებითი დრო ინფორმაციის გადასამუშავებლად და პასუხის გასაცემად;
· სხვის მიერ წარმოთქმული სიტყვების/ფრაზების გამეორება (ე.წ. ექოლალია);
სოციალური ინტერაქცია
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს უჭირთ სხვა ადამიანების “წაკითხვა”- სხვისი გრძნობებისა და განზრახვების გაგება/ამოცნობა, ასევე – საკუთარი ემოციების გამოხატვა. ეს კი ართულებს სოციალურ სამყაროში ორიენტირებას.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ხასიათის თავისებურებებია:
· არიან ძალიან მგრძნობიარეები;
· ცდილობენ განმარტოვდნენ ხალხმრავალ ადგილებში;
· არ ზრუნავენ გარშემომყოფების კომფორტზე;
· იქცევიან “უცნაურად” ან სოციალური ნორმებისთვის შეუსაბამოდ;
· აქვთ სირთულეები მეგობრების შეძენისას.
განმეორებითი და აკრძალული ქცევები
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები სამყაროს, მისი დაუწერელი კანონებით, საკმაოდ არაპროგნოზირებად და დამაბნეველ ადგილად აღიქვამენ.
ამიტომაც ურჩევნიათ რუტინული აქტივობებით დაკავდნენ, რადგან მათთვის უკვე ნაცნობია მოსალოდნელი შედეგები. ამჯობინებენ ერთი და იგივე გზით მივიდნენ სკოლაში ან სამსახურში, ატარონ ერთი და იგივე სამოსი, მიირთვან ერთი და იგივე საუზმე ყოველდღე.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ასევე ახასიათებთ განმეორებადი მოძრაობები. მაგალითად, ხელების ქნევა, ტრიალი, ნივთების მოძრაობა, კარების პერმამენტულად დაკეტვა ან გაღება. ზოგი მსგავს მოქმედებებს მიმართავს საკუთარი თავის დასამშვიდებლად, როდესაც განიცდიან სტრესს ან შფოთვას, ზოგისთვისაც კი მსგავსი ქმედებები უბრალოდ სახალისოა.
მათთვის რუტინის შეცვლა სტრესისა და შფოთვის გამომწვევია. შფოთვის გამომწვევი შეიძლება იყოს ისეთი მოვლენები, როგორიც არის დიდი დღესასწაულები, სკოლის შეცვლა, გაურკვევლობა სამსახურში, ან თუნდაც ისეთი მარტივი რამ, რაც, მაგალითად, ავტობუსის შეცვლილი მარშრუტია.
აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელია ზემგრძნობელობა ან დაქვეითებული მგრძნობელობა შუქზე, ხმაზე, გემოსა ან შეხებაზე.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს შესაძლებელია ჰქონდეთ ზემგრძნობელობა ან დაქვეითებული მგრძნობელობა ხმაზე, შეხებაზე, გემოებზე, სუნზე, შუქზე, ფერებზე, ტემპერატურაზე ან ტკივილზე. მაგალითისთვის, მათთვის რესტორანში არსებული ფონური მუსიკა, შეიძლება გაუსაძლისი, ხმამაღალი აღმოჩნდეს, მაშინ როდესაც სხვებისთვის, შესაძლოა, ეს შეუმჩნეველიც კი იყოს. მსგავსმა გამღიზიანებლებმა, შეიძლება, გამოიწვიოს შფოთი და ფიზიკური ტკივილიც კი. ბევრი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანი დისკომფორტს განიცდის ჩახუტების დროს, რაც შეიძლება არასწორი ინტერპრეტაციით იყოს გაგებული და ის დისტაციურ ან „ცივ“, ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანად მივიჩნიოთ.
ბევრი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანი ყოველდღიურ სიტუაციებს ზემგრძნობელობის გამო ერიდება. სკოლამ, სამუშაო სივრცემ ან სავაჭრო ცენტრებმა, შესაძლებელია, მათი სენსორული გადატვირთვა გამოიწვიოს. არსებობს მრავალი მარტივი საშუალება, რითიც შესაძლებელია გარემო მოვარგოთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანს.
ინტერესები და ჰობი
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ძირითადად ადრეული ასაკიდან გააჩნიათ ისეთი ინტერესები, რისთვისაც ისინი მაღალ ფოკუსირების უნარს ავლენენ. ეს შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში ან დარჩეს ცხოვრების ბოლომდე. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები შესაძლებელია გახდნენ ექსპერტები მათთვის საინტერესო სფეროში, ან მოწონდეთ საკუთარი ცოდნის გაზიარება. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გრეტა თუნბერგი და მისი მძაფრი ინტერესი გარემოს დაცვის მიმართ.
როგორც ზოგადად ყველა ადამიანი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებიც იღებენ დიდ სიამოვნებას საკუთარი ინტერესების განხორციელებისას და ამას მათი ბედნიერების და კეთილდღეობის საფუძვლად აღიქვამენ.
მაღალი ფოკუსირების უნარი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ეხმარებათ აკადემიურ მოსწრებასა და მუშაობის გაუმჯობესებაში, თუმცა ისინი იმდენად მოცულები შეიძლება გახდნენ კონკრეტული საკითხით ან აქტივობით, რომ შეიძლება ცხოვრების სხვა საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეთ.
ძლიერი შფოთვა
შფოთვა – რეალურ სირთულეს წარმოადგენს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით სოციალურ სიტუაციებში ან ცვლილებებთან შეხებისას. ამან შეიძლება იმოქმედოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, რაც ზეგავლენას ახდენს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხზე.
მნიშვნელოვანია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებმა ისწავლონ, ამოიცნონ “გამღიზიანებლები” და იპოვონ მართვის მექანიზმი, რათა შეამცირონ შფოთვა. თუმცა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბევრი ადამიანსთვის სირთულეს წარმოადგენს საკუთარი ემოციების ამოცნობა და მართვა. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების დაახლოებით 1/3-ს გააჩნია სერიოზული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
აფექტური ქცევა და “გაშეშება”
როდესაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანი გადაიტვირთება, ამან შეიძლება მასში აფექტური ქცევა ან “გაშეშება” გამოიწვიოს. ეს ძალიან ინტენსიური და დამთრგუნველი გამოცდილებაა.
აუტისტური სპექტრის აშლილობის ადამიანში, აფექტურ ქცევას იწვევს სენსორული გადატვირთვა და ის დროებით კარგავს ქცევის კონტროლს. ქცევითი კონტროლის დაკარგვა შეიძლება გამოიხატებოდეს ვერბალურად (ყვირილი, კივილი, ტირილი), ან ფიზიკურად (დარტყმა, კბენა, ძალისმიერი მოძრაობა), ან ორივე ფორმით ერთად. ბავშვებში აფექტური ქცევა ხშირად ტანტრუმში ეშლებათ, რასაც მოყვება ხოლმე მტკივნეული კომენტარები და განმსჯელი მზერა გარშემომყოფებისგან.
“გაშეშება“ ნაკლებად ინტენსიურად აღიქმევა გარედან, თუმცა იგივენაირად თრგუნავს ადამიანს. “გაშეშებაც“ სენსორული გადატვირთულობის საპასუხო რეაქციაა, ოღონდ შედარებით პასიური. მაგალითად, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანი ჩუმდება ან/და “შეშდება”. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთ-ერთი ქალბატონი აღწერს “გაშეშებას”, ისეთივე დამთრგუნველად, როგორც აფექტურ ქცევას, რადგან ამ დროს ვერ პოულობს უნარს, მოახდინოს რეაგირება ისე როგორც მაც სურს, ან საერთოდ ვერ პოულობს უნარს რამენაირი რეაგირებისთვის.
საკომუნიკაციო რჩევები
როგორ მივიპყროთ და შევინარჩუნოთ ყურადღება:
ყოველთვის დაიწყეთ საუბარი სახელის მიმართვით;
დარწმუნდით, რომ ყურადღებით არიან, სანამ დაუსვამთ კითხვას ან მისცემთ ინსტრუქციას;
მათი ჩართულობისთვის გამოიყენეთ მათი ინტერესები, ჰობი ან სასურველი აქტივობები.
ინფორმაციის გადამუშავება
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის რთულია ინფორმაციის დაყოფა მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციად. თუკი ზედმეტი ინფორმაცია არის მიწოდებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს გადატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლებელი იქნება. ამის თავიდან ასაცილებლად:
· ისაუბრეთ ცოტა და ნელა;
· გამოიყენეთ კონკრეტული საკვანძო სიტყვები, გაიმეორეთ ისინი ხაზგასმით;
· სიტყვებს და ფრაზებს შორის გამოიყენეთ პაუზა/შესვენება, რათა მისცეთ პიროვნებას მიღებული ინფორმაციის გადამუშავების დრო და საშუალება პასუხზე დასაფიქრებლად;
· არ დაუსვათ ბევრი კითხვა;
· ნაკლებად გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია (მაგალითად: თვალით კონტაქტი, სახის გამომეტყველება, ჟესტიკულაცია);
· გამოიყენეთ ვიზუალური დამხმარე რესურსები (სიმბოლოები, “სოციალური ისტორიები”, ბარათები, ნახატები);
· წინასწარ იყავით ინფორმირებული იმ გარემოზე, სადაც იმყოფებით (ხმაურიანია თუ ხალხმრავალი და ა.შ.);
. შეკითხვა სასურველია იყოს მოკლე და კონკრეტული;
· დასვით მხოლოდ აუცილებელი შეკითხვები;
· შეკითხვა უნდა იყოს სტრუქტურირებული. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ არჩევანი/შესაძლო ვარიანტები;
· იყავით კონკრეტულები. მაგალითად, უმჯობესია იკითხოთ: „მოგეწონა საუზმე?“, „მოგეწონა მათემტიკა?“ იმის მაგივრად, რომ დასვათ ზოგადი კითხვა: „როგორი დღე გქონდა?“ და ა.შ…
დახმარების თხოვნის გზები
თუ ამის საჭიროებაა, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს მიეცით ვიზუალური ბარათი, რომლის გამოყენებითაც შეძლებს დახმარების თხოვნას.
აზრი გამოხატეთ ნათლად
ერიდეთ ირონიის, სარკაზმის, ფიგურალური კომუნიკაციის ფორმებს, რიტორიკულ შეკითხვებს, იდიომებს ან გადამეტებას, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები სიტყვასიტყვით იგებენ ინფორმაციას. თუ მაინც იყენებთ აღნიშნულ ფორმებს, მაშინ ახსენით, რა თქვით და რა იგულისხმეთ, რომ ნათელი გახადოთ აზრი მათთვის.
დისტრესული ქცევა
· სამუშაოს აწარმოეთ „ქცევის დღიური“, თუკი ქცევა არის თქვენთვის ინფორმაციის მომცემი.
· შესთავაზეთ „არა“-ს თქმის სხვადასხვა გზები;
რეაქციები „არა“-ზე
· სცადეთ გამოიყენოთ სხვა სიტყვა ან სიმბოლო;
· აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს თუ რატომ ეუბნებით უარს. თუკი ეს ეხება რამე აქტივობას, რომლის გაკეთება მათ შეუძლიათ, მაგალითად, მოგვიანებით, სხვა დღეს, სცადეთ შეასრულებინოთ ის.
· “არა” ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი საკუთარ თავს ან სხვებს აყენებს საფრთხეში. თუ ეს უსაფრთხოებას ეხება, იპოვეთ გზები საფრთხის ასახსნელად.
· თუ თქვენ იყენებთ “არა”-ს შეუფერებელი საქციელის გამო, ჯობია, შეცვალოთ თქვენი რეაქცია აღნიშნულ ქმედებაზე. ეცადეთ არ აუმაღლოთ ხმა ან არ გაამახვილოთ ყურადღება, მშვიდ რეაქციას შეუძლია, რომ შეამციროს ასეთი ქცევები დროთა განმავლობაში.
· ჩამოაყალიბეთ მკაფიო საზღვრები და ახსენით, თუ რა ქცევა/ქცევები არის მისაღება და რა – მიუღებელი.
წყარო: https://www.autism.org.uk/advice-and-guidance/what-is-autism?utm_source=chatgpt.com