კვლევებით დადასტურებულია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების ცხოველებთან ინტერაქციას აქვს, როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალური-ემოციური სარგებელი.
თამაშით სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია სწავლის პროცესის შესაყვარებლად. ბავშვებს უყვართ ცხოველებთან ურთიერთობა და სწავლობენ მათ ქცევებსა და ჩვევებს.
ისინი ცხოველებთან ურთიერთობის დროს ავითარებენ თანაგრძნობას და ემპათიას – ბავშვები სწავლობენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფრთხილად/სათუთად მოეპყრონ ცხოველებს და არ მიაყენონ მათ ზიანი. მსგავსი ინფორმაციის მიღებით ისინი ავითარებენ ისეთ მნიშვნელოვან ემოციურ უნარებს, როგორებიც არის სხვების მიმართ თანაგრძნობა და ემპათია.
შინაური ცხოველები მნიშვნელოვან როლს იკავებენ ადამიანების ცხოვრებაში.
იმის მიუხედავად თუ რა ზომის და სახეობის არის ცხოველი, ის არის ცოცხალი არსება, რომელიც ქმნის ემოციურ ჯაჭვს ადამიანთან.
უმეტესად, ადამიანები შინაურ ცხოველს მიიჩნევენ ოჯახის წევრადაც კი.
როგორც ოჯახის წევრებს, შინაურ ცხოველებსაც დიდი გავლენა აქვთ ბავშვის სოციალურ-ემოციურ და მოტორულ უნარებზე.
სოციალურ-ემოციური უნარები
შეგხვედრიათ თუ არა ძაღლი კუდის ქიცინით, ან ფისო ალირსიანი კნავილით, რამაც ყველანაირი საფიქრალი გაგიქარვათ? ასაკის მიუხედავად, შინაურ ცხოველებს უდუდესი გავლენა აქვთ ზოგადად ადამიანის სოციალურ-ემოციურ ჯანმრთელობაზე.
შინაური ცხოველის ყოლას ბევრი სარგებელი მოაქვს ბავშვისთვისაც. შინაურ ცხოველთან პოზიტიური დამოკიდებულება ზრდის ბავშვში თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას.
შინაური ცხოველის მოვლის რუტინაში ბავშვის ჩართვა, როგორიცაა ძაღლის გასეირნება, ან თევზებისთვის საკვების მიწოდება და ა.შ., ზრდის მათში პასუხისმგებლობის შეგრძნებას, ხოლო ფუმფულა მეგობართან თამაში ამცირებს სტრესს.
ბავშვები ცხოველთან ურთიერთობით სწავლობენ ზრუნვას, რა გზითაც ისინი ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, რაც სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თამაში და მოტორიკა
შინაური ცხოველები, როგორც წესი, აქტიურები არიან, რაც საუკეთესო საშუალებაა ბავშვის ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, ძაღლის გასეირნება, მუდმივ მეთვალყურეობას და ფიზიკურ აქტივობას საჭიროებს, რაშიც შესაძლებელია ბავშვების ჩართვა. ეს ჩართულობა კი არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობისთვის არის სასარგებლო, არამედ ბავშვი ასევე სწავლობს არასტრუქტურირებულ თამაშებს.
კომუნიკაცია
როდესაც ბავშვი უყურებს, როგორ ესაუბრებით და ურთიერთობთ შინაურ ცხოველებთან, ისიც ძალიან მალე სწავლობს მათთან კომუნიკაციის ფორმებს. ბავშვები ასევე სწავლობენ ცხოველებთან კომუნიკაციის არავერბალურ ფორმებს და მის მნიშვნელობას. ასევე შინაური ცხოველები კარგი საშუალებაა ბავშვებისთვის ახლად შეძენილი უნარების გამოსაცდელად, მაგალითად, ამბის მოყოლა/წაკითხვა შინაური ცხოველისთვის და ა.შ.
სენსორული უნარები
ბავშვებისთვის, ცხოველებთან ინტერაქცია ახალი სენსორული გამოცდილების წყარო შეიძლება იყოს. მაგალითად, მათ ბეწვთან შეხება, მათთან ერთად მოძრაობა ა.შ. მრავალფეროვან სენსორული გამოცდილებას ქმნის.
ცხოველებთან თამაშის დროს, ბავშვებს აგრეთვე უწევთ ფიზიკური ბალანსის დაჭერა, საკუთარი სხეულის განსხვავებული შეგრძნებების აღმოჩენა. ისინი სწავლობენ სხვადასხვა სახის შეხებას, ცხოველის ზომის, სახეობის შესაბამისად, ზოგ ცხოველს უფრო სათუთად ეპყრობიან, სხვებს კი შედარებით თამამად.
შემსრულებლის ფუქცია
დროთა განმავლობაში ბავშვები ეჩვევიან შინაური ცხოველის მოვლის რუტინას, რუტინა კი აძლიერებს მათში შემსრულებლის უნარებს. დამატებით კი ისინი სწავლობენ პრობლემების გადაჭრის გზებს, მაშინ როდესაც გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან უწევთ შეხება, მაგალითად, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი დღეს შეიძლება უჩვეულო ხასიათზეა და ყოველდღიურ რუტინისგან განსხვავებით, ბავშვი ცდილობს, ახალი აქტივობა მოიფიქროს, რათა გაართოს იგი.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველებთან ურთიერთობა სახალისოა!
ბავშვებს უყვართ და ართობთ ცხოველებთან თამაში, ჩვენ კი მათი მომღიმარი სახის ყურებით ვტკბებით!